ჟურნალისტური ეთიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

პრეამბულა

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და
თვალსაზრისების შესახებ.

ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე–10 მუხლსა და „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალიტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს მედიის წარმომადგენლები ვცნობთ და ვაღიარებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვის ვალდებულებას და ამ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, პროფესიულ საკითხებს მხოლოდ ჩვენივე კოლეგების უფლებამოსილებად განვიხილავთ და გამოვრიცხავთ ხელისუფლების ან სხვა ძალის ნებისმიერი სახით
ჩარევას ამ უფლებამოსილებების განხორციელებაში.

ქარტია

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი
სინდისის წინააღმდეგ.

3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი
მეთოდები უნდა გამოიყენოს.

5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში
შეჰყავს საზოგადოება.

6. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა
მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.

10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

· ფაქტის განზრახ დამახინჯება;
· ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის
მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის
სანაცვლოდ;
· პლაგიატი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია