დისკუსიები

საგამოძიებო ჟურნალისტიკა = რევოლუციას!

სატელევიზიო ჟურნალისტიკა აღარ არსებობს, რადგან გადაცემების რეიტინგებზე დამოკიდებული ტელევიზიები აშუქებენ მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებას აინტერსებს. ტელევიზორი კი ინფორმაციის მომწოდებლიდან გასართობ ყუთად ტრანსფორმირდა, – ამ დასკვნამდე მივიდა „ბიზნეს კურიერის“ წამყვანი, წარსულში ჟურანლისტური საგამოძიებო პროგრამის, „60 წუთის“ ავტორი აკაკი გოგიჩაიშვილი. ის 23 მარტს მულტიმედიურ ცენტრში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც მსჯელობდნენ – თუ რატომ არ აქვს ინტერესი საზოგადოებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ.

რა ხელის შემშლელი ფაქტორები აქვს საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკას? არის თუ არა ის სათანადო ხარისხის? არსებობს თუ არა მის მიმართ საზოგადოების ინტერესი და საერთოდ? რატომ არის ამ ჟურნალისტური პროდუქტის არსებობა აუცილებელი? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჟურნალისტი, ლაშა კვესელაძე სადისკუსიო ფილმში „ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში“ შეეცადა. დისკუსიას საფუძვლად სწორად ეს ფილმი დაედო, სადაც აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტური გამოძიება არ არსებობს და არც საზოგადოებას აქვს ინტერესი მის მიმართ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე კი, ფილმში აღნიშნავს, რომ მედიას აქვს ინფორმატორის, საგანმანათლებლო და გართობის ფუნქცია. მაშინ, როცა მხოლოდ გართობის ფუნქციაა გადამწყვეტი, გამოდის, რომ მედია ვერ ფუნქციონირებს. “ინფორმირებულობის კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს ქორიძე.

დისკუსიის დროს იმ მიზეზებს შორის, რატომაც არ უყურებს დღეს საზოგადოება ჟურნალისტურ გამოძიებას ტელევიზიების მენეჯმენტის ინტერესის არ ქონა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო სტუდიებისთვის მასალების გასავრცელებლად მედია სივრცის არარსებობა დასახელდა .

დისკუსიისას აკაკი გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მიმართ, არამედ ზოგადად, პრობლემების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ არ აქვს საზოგადოებას ინტერესი: „მაგალითად ბოტოქსზე რომ გააკეთო გადაცემა და ათჯერ გავიდეს ეთერში, ამის მიმართ ექნება ინტერესი“, – ამბობს გოგიჩაიშვილი – „მკვლელობების და გაუპატიურებების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო გამოშვებებში ამიტომ არის სულ, რადგან ეს არის რეიტინგული“.

“მე რომ მქონდეს საშუალება ვაკეთო “60 წუთი”, არ გავაკეთებ, რადგან ეს მხოლოდ არევს სიტუაციას” – აღნიშნა დისკუსიის ბოლოს გოგიჩაიშვილმა.

www.media.ge
6 მარტი, 2012 – 17:30

 

შეხვედრის ვიდეოჩანაწერები

დისკუსია ჟურნალისტურ გამოძიებაზე (ნაწილი1)

დისკუსია ჟურნალისტურ გამოძიებაზე (ნაწილი2)

დისკუსია ჟურნალისტურ გამოძიებაზე (ნაწილი3)