გვამის ექსჰუმაცია — ვისი ნებართვაა საჭირო?

Skeleton

ხშირად ჟურნალისტს უკავშირდება წყარო, რომელიც აცნობებს, რომ X ადამიანის მკვლელობისთვის დამნაშავე საერთოდ, ან სათანადოდ არ დასჯილა. ჟურნალისტმა ყურადღება უნდა მიაქციოს მონათხრობს და გაიაზროს, საქმის ხელახალი გადასინჯვისთვის რა საფუძვლები არსებობს, რამდენად მყარია არგუმენტები. საქმეს მეტ ნათელს გვამის ხელახალი ექსჰუმაცია ხომ არ მოჰფენს ?

ამ შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, როგორია კანონმდებლობის მოთხოვნები:

კანონი #1772-IIს – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ახალი)

კერძო ნაწილი           კარი #4 – გამოძიება                თავი #15 – საგამოძიებო მოქმედებები

  • მუხლი #132 – ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი

მიღებულია – 09.10.2009    ძალაშია – 01.10.2010

1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება).

2. შუამდგომლობით მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.
3. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისათვის და სხვა პირებისათვის.

  • მუხლი #133 – ექსჰუმაციის წესი

მიღებულია – 09.10.2009    ძალაშია – 01.10.2010

დოკუმენტი მიმდინარე თარიღის მდგომარეობით   1. ექსჰუმაციას მხარე ატარებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაციას.

*იურისტის განმარტებით, ეს წესები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ამ დროს გახდა საჭირო გვამის ექსჰუმაცია. თუ გამოძიება უკვე დასრულებულია, მაშინ უნებართვოდ გვამის ექსჰუმაციისთვის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს:

  • მუხლი #258

- მიცვალებულისადმი უპატივცემულობა

მიღებულია – 28.04.2006    ძალაშია – 29.05.2006

1. ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება -
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.